ალეკო ელისაშვილი - კარგია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ უფრო პრინციპული იქნება, ქვეყნისთვის სჯობს, მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტო არ იყოს დაძლეული
ალეკო ელისაშვილი - კარგია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ უფრო პრინციპული იქნება, ქვეყნისთვის სჯობს, მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტო არ იყოს დაძლეული

„ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები აქვს, რომ ვეტო დაძლიოს, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სიგნალი, რომ ყველაფერზე დამთმობი არ იქნება და ის, რაც ქვეყანას აზიანებს, ამაზე აქვს პოზიცია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კარგია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ უფრო პრინციპული იქნება. ელისაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის სჯობს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტო არ იყოს დაძლეული.

„როგორც ჩანს, აწი გაცილებით უფრო პრინციპული იქნება და ეს არის სწორი. თუ მოვლენებს გავასწრებთ, დიდი ალბათობით, ზეგ იმას გვეტყვიან, რაც 17 ივნისს გვითხრეს, რომ გარკვეული დათქმების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებლობა ეს სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, საქართველოსთვის ეს ექვსი თვე ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც არასდროს. ამიტომ კარგია, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ უფრო პრინციპული იქნება. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ეს ვეტო არ იყოს დაძლეული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.