ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს
ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პანდემიიდან გამომდინარე ორი დღის განმავლობაში – 30 და 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ელისაშვილის თქმით, ამის მიზანია, საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადი გადანაწილდეს და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა დაინფიცირების ნაკლები რისკი იყოს.

პარტია „მოქალაქეები“ აღნიშნულ ინიციატივიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საგანგებო განცხადებით მიმართავს.

„ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას, არ იცავს და არ აკონტროლებს რეგულაციების დაცვას, რათა არ ხდებოდეს ასეთი მასობრივი გავრცელება. არჩევნები მოგვადგა კარს. ერთი მხრივ, მოსახლეობაში არის დიდი ენთუზიაზმი, პოლიტიკური ცვლილების განწყობა, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ხელისუფლების სტრატეგიაა, ხალხს შეეშინდეს არჩევნებზე მისვლა, რათა საარჩევნო რიგებში დგომისას კორონავირუსი არ გადაედოთ.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი – პარტია „მოქალაქეები“ ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ორი დღის განმავლობაში, 30 და 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ ამომრჩევლები სიებით და ალფავიტის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში და ეს გადაწყეტილება მივიღოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.