ალეკო ელისაშვილი - გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ
ალეკო ელისაშვილი - გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ

გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალბათ, ოპოზიცია ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობით კმაყოფილია და „მინისტრის საათის“ ფორმატში მის მოსმენას ამიტომ არ დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

„ქალბატონო ანა, ჩვენ აქ როლების განაწილებაზე კი არ ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა ლევანი. „ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ, მე იურისტი არ ვარ. ერთი არის ფაქტი, მთელი მსოფლიო იყო ჩართული, ევროპელი მაღალჩინოსნები ათ-ათი საათით იყვნენ ჩვენთან ოთახში ჩაკეტილი და ძლივს მივაღწიეთ შეთანხმებას. ვითარება ძლივს დავაშოშმინეთ და ამ დროს ასეთი იდეის და კანონპროექტის შემოტანა არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვაკეთებდით. დრო ხომ უნდა შეარჩიოთ, არა? ეს არის გამაღიზიანებელი იდეა. ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის ცეცხლის დამსხმელი.

ახლა რაც შეეხება ჩემ ძვირფას კოლეგებს. სამშაბათს ხომ შემოხვედით. თავს ვებრძოდი, რომ ზოგიერთისთვის ის არ მეთქვა, რისი თქმის უფლებაც მქონდა და თავი შევიკავე, რომ კორექტული ვყოფილიყავი. სამი თვე რომ გვლანძღავდით იმიტომ, რომ პირველებმა გადავდგით სწორი და აუცილებელი ნაბიჯი და მერე თქვენც რომ შემოხვედით. გუშინ ვიყავი გაოგნებული და თვალებს ვერ ვუჯერებდი, ერთი წელია პირბადეებით დავდივართ, არ ვიცით, რა გველის, როდის შემოვა ის მილიონი დოზა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი და ის კოლეგები, რომლებიც წინა დღეს იყვნენ სხდომაზე მოსულები, თურმე მათ კორონავირუსი არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, თქვენ ტიკარაძის საქმიანობით კმაყოფილები ხართ. აგაშენებთ ღმერთი, თავიდან გეთქვათ. რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

„ხომ მოისმინეთ, განსაკუთრებით იურისტებმა ხომ ნახეთ რაზე იყო პლენარულ სხდომაზე განხილვა. ხომ დაინახეთ საფრთხეები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ადამიანი 12 საათის ნაცვლად, 48 საათი გამოამწყვდიონ. არ დაინტერესდით, საღამოს კომიტეტი რომ ჩაინიშნა, ავდგე და წავიდეო. რა კომენდანტის საათზე საუბრობთ, დეპუტატებს საშვები გაქვთ. რატომ არ დაინტერესდით, ლევანს რატომ უწევდა მარტო ბრძოლა იმისთვის, რომ 48 საათი 24 საათი გამხდარიყო. როგორც ჩანს, მათ ხალხის ბედი არ ანაღვლებთ, რადგან აქ ხალხის ბედი წყდება. ამის შემდეგ გამოვლენ და დერეფნებში მისცემენ კომენტარებს და აქეთ კიდევ ჩვენ დაგვიწყებენ კრიტიკას, რომ თურმე როლები გვქონია განაწილებული. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.