
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა ანა მეტრეველმა განაცხადა, რომ, ბრალდების მხარის შეფასებით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, თუმცა საფრთხეები მაღალი ხარისხის აღარაა და პატიმრობა ნაკლებად საჭიროებს ძალაში დატოვებას.
ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და ვახტანგ კვიჟინაძე გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ვინაიდან, მათი თქმით, ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. რეხვიაშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაული ალი ბაბაევმა ჩაიდინა და დაზარალებული თავად ელისაშვილია.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად ალეკო ელისაშვილმა.
„ეს არაფერს ნიშნავს, მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი არ დამთავრებულა. ახლა იწყება ყველაფერი, ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, შემდეგ ვნახოთ, როგორ იქნება. გარეთ ყველაზე მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც არის დაკავებული, გაზაფხულის აქციიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი ოკმელა ზის, ძალიან ვაჟკაცი, გულიანი, ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები, ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ. ვიდრე ისინი გარეთ არ იქნებიან, მე არ ჩავთვლი, რომ ჩემს თავს რამე სასიხარულო ხდება, რადგან აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც შევხვდებოდი ციხეში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფეხი არ მოიცვალა, ვინც ჯიუტად იდგა, აპროტესტებდა ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, მიხარია, ჩემს ოჯახს რომ ვნახავ და ახალ წელს შევხვდები, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები გავყაროთ ხელისუფლებიდან. დღეს დილით ვაპირებდი, ტელევიზორი მეყიდა, რათა გამეგო, ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ მივდიოდი პროცესზე. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვიჯერებდი, რადგან მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა, რომ სადღაც საცემად მივყავდი, რადგან ისეთ საიდუმლო ვითარებაში მეუბნებოდნენ, უნდა წაგიყვანონო. არ ეგონოთ, მეშინია-მეთქი და ველოდებოდი ბადრაგის მანქანას. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ და არა – მცემდნენ. პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, ელისაშვილს უცხოეთში კავშირები აქვსო. 30-იან წლებში ბოლშევიკები, ტრიბუნალი და „ტროიკა“ რომ იყო, ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მიხეილ ჯავახიშვილს თუ მაზნიაშვილს. მათ თავს არ ვუყადრებ, კი არადა, არ მგონია, რომ მათსავით ვარ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო და ამ ათ დღეში რა მოხდა, არ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდაო, პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციებში დავდიოდი. არ ვიცი, რა მოხდა, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა, უცხოელებმა ალბათ ამათ ქეჩოში მისცეს ან რაღაც მსგავსი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.
ელისაშვილი 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.