ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძე გუშინაც თანახმა იყო არათუ შეხვედრაზე, არამედ კმაყოფილი იყო, რომ შეხვედრა ჩაინიშნა, მოსწონდა ინიციატივაც, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში, რა ხდება მის თავს, ვერაფრით მივხვდი
ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძე გუშინაც თანახმა იყო არათუ შეხვედრაზე, არამედ კმაყოფილი იყო, რომ შეხვედრა ჩაინიშნა, მოსწონდა ინიციატივაც, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში, რა ხდება მის თავს, ვერაფრით მივხვდი

რა ხდება გიორგი ვაშაძის თავს, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივხვდი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და ასევე, მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განიხილონ.

„გიორგი ვაშაძესთან „გირჩს“ ჰქონდა კომუნიკაცია. ის გუშინაც თანახმა იყო შეხვედრაზე. არათუ შეხვედრაზე იყო თანახმა, არამედ კმაყოფილი იყო, რომ ასეთი შეხვედრა ჩაინიშნა და ასევე, მას მოსწონდა ის ინიციატივა, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს ერთგვარი პლებისციტი. მოსწონდა მასაც და მისი პარტიის სხვა ლიდერებსაც, რომლებთანაც ასევე იყო შეხვედრა გამართული და მათ პირისპირ შეხვედრის დროს თქვეს, რომ მოგვწონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძემ უცბად, ერთ დღეში შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ არანაირი შეხვედრა, არანაირი ინიციატივა არ მოსწონს.

„რა ხდება მის თავს, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივხვდი. წინა ხელისუფლება რომ პირველ რიგში თავის თანაგუნდელებზე აგროვებდა კომპრომატებს, მგონი, ახლა ამის თქმით არავის გავაოცებ, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი არათუ თავის თანაგუნდელებზე აგროვრებდა კომპრომატებს, არამედ ავრცელებდა კიდევაც. ვაშაძის შემთხვევაში ასეა თუ არ არის, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ამაზე მარჩიელობა არ მინდა, თუმცა მილიონი ხმა დადის და მილიონი ჭორია, „ქართული ოცნების“ მხრიდანაც, თქვენი კოლეგების მხრიდანაც და ასე შემდეგ. მინდა, ლოგიკა ვნახო: ადამიანი, რომელიც ერთი კვირაა, რაღაცას იძახის, პოლიტიკური ლიდერი ამბობ, რომ შეგხვდები, ძალიან კარგი იდეაა, ამ იდეაზე ბოლომდე მოგყვებით და უცბად გამოდიხარ და ერთ დღეში ამბობ, რომ არა, ეს ჩემთვის მიუღებელია – ეს არის ჩემთვის აუხსნელი. ალბათ დროც გამოავლენს, რასთან გვქონდა საქმე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.