ალეკო ელისაშვილი - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარს ვუჭერ, რადგან ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ
ალეკო ელისაშვილი - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარს ვუჭერ, რადგან ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს, რადგან მიაჩნია, რომ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მორჩილი კანდიდატი სურს.

„„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ქვეყანაში ყველგან ყველაფერს ტოტალურად აკონტროლებდეს. რომ ვხედავდეთ, დღე და ღამე არ სძინავთ ქვეყნის წინსვლაზე ფიქრით, მაშინ, კი ბატონო, მაგრამ ეს ტოტალური კონტროლი კონტროლისთვის უნდათ – ვიღაც ძალაუფლებაში იყოს, ვიღაცამ ფული აკეთოს, ვიღაცამ ტენდერი იშოვოს. ეროვნულ ბანკთან მიმართებაში პრეზიდენტის პოზიცია სწორია, როცა ამბობს, რომ უფრო მეტი მსჯელობა უნდა იყოს უკეთესი კანდიდატის შერჩევის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ მორჩილი კანდიდატი უნდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტადაც და დამლაგებლადაც. პრეზიდენტის ვეტოს მხარს ვუჭერ, რადგან ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.