ალეკო ელისაშვილი - ელჩების პოზიცია ერთადერთი ის იყო, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, პოლიტიკოსებმა დიალოგი უნდა შეძლონ
ალეკო ელისაშვილი - ელჩების პოზიცია ერთადერთი ის იყო, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, პოლიტიკოსებმა დიალოგი უნდა შეძლონ

ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, ჩვენგან მოთხოვნებით დახუნძლული წავიდა და ველოდებით, უახლოეს მომავალში გვითხრან, მოლაპარაკების მაგიდასთან რითი მოვლენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„გუშინ ერთადერთ რამეზე იყო შეთანხმება, რომ ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. ვისურვებდი და იმედი მაქვს, მეორე შეხვედრა ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრა ძალიან კორექტული და კონსტრუქციული იყო.

„არანაირი დაძაბულობა არ იყო. იქ ხმისთვის არავის აუწევია. შეხვედრა პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში მიმდინარეობდა და სხვაგვარად არც იქნებოდა. ზოგს აქვს შთაბეჭდილება, რომ იქ ვისხედით, ელჩები ხელს აბრახუნებდნენ და გვეუბნებოდნენ, ეს ასე ქენით, ისე ქენითო. არა, მათ უბრალოდ, სივრცე გამოყვეს, დრო გამოყვეს, მოდერატორები იყვნენ და დროს ყველას თანაბრად გვინაწილებდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ელჩებს შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

„ელჩების პოზიცია ერთადერთი, ის იყო, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, პოლიტიკოსებმა დიალოგი უნდა შეძლონ. ვიცით, რა ხდება ყარაბაღში. რუსეთმა დაამცირა ჩვენი ერთი მეზობელი, სომხეთი, აზერბაიჯანი წაათამამა და ნახევარი ყარაბაღი დააბრუნებინა, საერთო ჯამში კი თავისი საქმე გააკეთა. ჩემი აზრით, აქ ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია, რომელსაც აზერბაიჯანში არ ჰქონდა სამხედრო ბაზა, ახლა იქ 2 000 მშვიდობისმყოფელია და ისინი როგორი მშვიდობისმყოფელებიც არიან, ჩვენ თავზე გვაქვს გამოცდილი. სამხრეთ კავკასიაში ახალი ბაზა გაჩნდა და სამივე რესპუბლიკას ახლა ყელზე პირდაპირ ყულფი გვაქვს შემოჭერილი. რუსეთმა სამივე ქვეყანა ყურებით დაგვიჭირა. ჩვენ რად გვინდა ყულფი, როცა აგერ პირდაპირ, შუაგულ ქართლში არიან შემოჯლიგინებული. შესაბამისად, ამ ფონზე, როდესაც კორონავირუსის ვითარება უმძიმესია და ავადობის შემთხვევა ყოველდღიურად 3 000-ზე მეტია, ელჩებმაც ეს გვითხრეს და ამას ჩვენც ვგრძნობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია და ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც 31 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა, აუცილებლად უნდა განიტვირთოს“, – განაცხადა ელისაშვილმა. 

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებმა დროის სამი მეოთხედი გამოსავალზე ფიქრს დაუთმეს და არა ერთმანეთთან არგუმენტებით ბრძოლას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ჩვენეული ხედვა გვქონდა გამოსავლის, არჩილ თალაკვაძეს კი თავისი პარტიის პოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო, რადგან დღეს ქვეყანას გამოსავალი სჭირდება. ქუჩაში დგომა და ჩხუბი ნამდვილად არ მეხალისება. წარმოიდგინეთ, ამ არჩევნების შედეგადაც უკვე გასული ვარ პარლამენტში. მართალია, მეორე ტური არ გამართულა, მაგრამ ჩვენმა პარტიამ ორი მანდატი მიიღო. მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში ვართ და არ გვეხალისება, წავიდეთ და ამ სიცივეში თავი წყლის ჭავლს შევუშვიროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება, ამ მოლაპარაკებიდან არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება, ძალიან კარგი რამ გამოვიდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ოპოზიციის მხრიდან დათმობის საგანი გახდეს რიგგარეშე არჩევნების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა და ამის ნაცვლად, ყველა პრობლემური უბნის ხელახლა გადათვლა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დეტალებზე არ ისაუბრებს.

„მოდით, ამ დეტალებზე არ ვისაუბროთ. არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი. ეს არის მოლაპარაკების პროცესი. ჩვენ იქ შეთანხმებული ვართ, ასეთი წესია, რომ დახურულ კარს მიღმა რაზეც მიდის ლაპარაკი, რაზეც ვსაუბრობთ, რაც იქ იხარშება და დუღილია, საჯაროდ არ გამოგვაქვს, ისევ ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მაიკ პომპეოსთან აქციებით დახვედრას არ აპირებს.

„მე უფრო იმ მოლაპარაკებების მომხრე ვარ, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მეთაურობით დაიწყო და მათ ძალიან გულითადი, გულწრფელი მადლობა მინდა, ვუთხრა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.