ალეკო ელისაშვილი - ეჭვი არ მეპარება, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
ალეკო ელისაშვილი - ეჭვი არ მეპარება, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ეჭვი არ მეპარება, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სტატუსს საქართველო და ქართველი ერი მიიღებს.

„„ქართული ოცნება“ ფეოლასავით იყო, როცა ფილმში ფეოლას არ უნდოდა, მის გუნდს მოეგო, მაგრამ მათ მაინც მოიგეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო – ევროპელებმა ქართველი ერის ევროპული სულისკვეთება დაინახეს, ასევე მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკური მოცემულობა. ევროკავშირში კარგად ხვდებიან, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ და მაჩანჩალა ქვეყნად გვაქცევენ, ეს იქნება მწვანე შუქი, რომ რუსეთმა საბოლოოდ გადაგვყლაპოს. დღე არ გავა, ადამიანი არ მოგვიკლან და ქვეყანა არ დაამცირონ. საგნობრივი დისკუსია არ არის და არის ერთმანეთის ლანძღვა. ბოლო პერიოდში იმის გამო მლანძღავენ, რატომ არ ილანძღებიო. შორიდან თუ შეხედავ, ქართული პოლიტიკა გულის ამრევია, რადგან ზიზღზე დგას – ერთი ციდა ქვეყანა ვართ, ხუთი კაცი დავბორიალობთ, იქიდან სამი პოლიტიკაში ვართ და ერთმანეთს ვლანძღავთ, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საკითხებზე ვსაუბრობდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.