ალეკო ელისაშვილი - ძალიან ნელა, წვალებით, მაგრამ დღეს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში
ალეკო ელისაშვილი - ძალიან ნელა, წვალებით, მაგრამ დღეს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში

ძალიან ნელა, წვალებით, მაგრამ დღეს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პროცესი შეთანხმების მიღწევისკენ მიდის და მას დეტალების გამხელით ვერ დააზიანებს.

„ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს და აშკარად არის პროგრესი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში, ეს არის დამაიმედებელი. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. დეტალებზე, რომ მაწამოთ, ვერ მოვყვები, ტენდენცია არის პოზიტიური. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა პერსპექტივა, როგორი ზამთარი გველის, პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით არის წინსვლა. წითელი ხაზები ისევ არის ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის უკვე წინგადადგმული ნაბიჯები.

როგორც ჩანს, უმრავლესობასთან შეხვედრა გაიმართა, რადგან აზრები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მზაობაა კომპრომისისთვის, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის, ელჩები ვერ დათმობენ ვერაფერს.

ფრთხილი ოპტიმიზმი, რაც მქონდა, ერთი შკალით უფრო მომატებული მაქვს, გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოვედი შენობიდან, ვიდრე შესვლამდე ვიყავი. ოპოზიციას გადადგმული გვაქვს ხელისუფლებისკენ ნაბიჯი იმით, რომ დიალოგში ვმონაწილეობთ, მაგრამ ერთია, რომ ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯები და როგორც ჩანს, ამის მზაობა არის და ეს დღეს დავინახეთ.

ერთია, კალაძე პრესკონფერენციებზე რას ლაპარაკობს, მეორეა, რა მოვისმინე ახლა ჩემი ორი ყურით. მოვისმინე ის, რომ პოზიციების დაახლოება მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორც ჩანს არის სამზადისი შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ჯერჯერობით დამაიმედებელი პერსპექტივაა. პროცესი იმდენად კარგად მიდის საერთო შეთანხმებისკენ, ისეთი პირი უჩანს, რომ დეტალების გამხელით ვერ დავაზიანებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.