ალეკო ელისაშვილი - ძალიან გული დამწყდება, თუ „რესპუბლიკელი“ გოგოები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პარლამენტში არ იქნებიან
ალეკო ელისაშვილი - ძალიან გული დამწყდება, თუ „რესპუბლიკელი“ გოგოები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პარლამენტში არ იქნებიან

„ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაზე არასერიოზული რეაქცია ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად მზადყოფნის გამოცხადება გაბედული ნაბიჯი იყო.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპასუხო რეაქციით გამოჩნდა, რომ მათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ სურთ.

„ძალიან გული დამწყდება, თუ „რესპუბლიკელი“ გოგოები – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, რომლებიც ძალიან კვალიფიციური ადამიანები არიან, პარლამენტში არ იქნებიან. მათი პოზიცია იყო ძალიან ყოჩაღი და გაბედული განცხადება. ძალიან არასერიოზული რეაქცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ასეთი საკითხების აბუჩად აგდება, რომ საბავშვო ბაღი არ არის, სახლობანას თამაშობთ, ძალიან მიუღებელია და ვხედავთ, რომ პროცესი დაზიანდა, „რესპუბლიკელებმა“ თქვეს, რომ საკითხი დახურულია. „ქართულ ოცნებას“ თუ გულწრფელად უნდა, რომ დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს, მაშინ ასეთ ცინიკურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს უნდა მოეშვან, რადგან საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. სინამდვილეში, მათ ოპოზიციის შემოსვლა არ უნდათ და შირმა აქვთ, უცხოელებს თავი მოაწონონ. ვიცი, რომ ბევრს უნდა შემოსვლა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.