ალეკო ელისაშვილი - დღეს თავი ​შევირცხვინეთ ​ევროპელებთან, რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა
ალეკო ელისაშვილი - დღეს თავი ​შევირცხვინეთ ​ევროპელებთან, რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა

დღეს თავი ​შევირცხვინეთ ​ევროპელებთან, რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა ფსკერზეა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ასი ათასი თავით სჯობია ყველა პოლიტიკოსს. ელისაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან და რომ მზად არის, პოლარიზაცია დაასრულოს.

„ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ყოველი წამი, წუთი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა, რათა გვეჩვენებინა, რომ გვესმის ჩვენი ევროპელი მეგობრების, მათი შენიშვნის, მითითების, რომელიც ისევ ჩვენთვის არის კარგი. თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი და ძალისხმევა აქეთ უნდა ყოფილიყო მიმართული, უნდა დაგვერწმუნებინა, რომ დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ იმას, ვიყოთ ევროპის ნაწილი. რა გავაკეთეთ დღეს. დღეს კიდევ ერთხელ შარლ მიშელისთვის მისი შეთანხმების თავზე გადახევისა არ იყოს, შევასხით ცივი წყალი უბრალოდ და ვაჩვენეთ, რომ არა, არ გვესმის, რას გვეუბნებიან, საერთოდ არ გვესმის და გვირჩევნია, ჩვენი წინაპრები რასაც შეეწირნენ, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას ვეუბნებით უარს და ვეუბნებით, რომ გვირჩევნია, ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის მიმართ. რუსები ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები, რომ ზუსტად ის ხალხია, არანაირი დასკვნის გამოტანა ამ ხალხს არ შეუძლია, მარტო ერთმანეთის საჯიჯგნად არიან მაგრები.

დღეს განმიმტკიცდა აზრი, რომელიც მაქვს სულ, რომ ქართული საზოგადოება ასი ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად მთელ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან და რომ მზად არის, პოლარიზაცია დაასრულოს. დაასრულა კიდეც 20 ივნისს. ათასნაირი ხალხი იყო იქ. ყველა იდგა გვერდიგვერდ. ერთი შელაპარაკება არ მომხდარა და ყველა იყო ერთი იდეით,სულისკვეთებით ანთებული. ყველა გრძნობდა, რომ ძალიან ახლოს ვართ, რომ გავხდეთ იმ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოთა გაერთიანების წევრი, ევროკავშირის წევრი. ხალხმა უთხრა კიდეც, მზად ვართ, ერთმანეთში არსებული სიძულვილი დავივიწყოთ და ჩვენ რა ვუთხარით დღეს აქედან, რომ არა. ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა არის ფსკერზე. ორი დღე დარჩა და საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა გვითხრან და ამას ვაზიანებთ ზუსტად. ჩვენი წინაპრების ნაოცნებარს ვყრით წყალში, მათ დაღვრილ სისხლს ვყრით წყალში, რომ მართლა ქრისტიანული სამყაროს განაპირა მცველები ვიყავით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაცია საჭიროა, რათა ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს.

„ეს დეოლიგარქიზაცია საიდან გაჩნდა. თქვენ ამოიკითხეთ ხაზარაძე, სინამდვილეში ისინი გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს. მას პერსონალურად კი არ ერჩიან, მისი ჯიბრი კი არ აქვთ, არამედ არ შეიძლება, იმართებოდეს ქვეყანა ასე, როგორც იმართება ჩვენი ქვეყანა. თქვენ მაინც ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება, ნორმალური ქვეყნები არ იმართება ასე გაუკუღმართებულად, არ არსებობს  ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ვიღაც, რომელიც არანაირ თანამდებობაზე არ არის, მაგრამ ყველაფერს წყვეტს. არ ხდება ასე, სახელმწიფო ინსტიტუტები მართავენ. ამას გვეუბნებიან. ეს დეოლიგარქიზაციის ძალისხმევა და კანონი, თუ რაც იქნება, სჭირდება იმას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და არასოდეს, არავის, არც ერთი მდიდარი ადამიანის საპამპულავო არ იყოს ქვეყანა. ამას ემსახურება. ამის მზადობას ხედავენ? ვერ ხედავენ. რას ვსაყვედურობთ ევროპას? გვეუბნებიან, გვანახეთ მზაობა, როგორიც აჩვენა მოლდოვამ და კი ბატონო. ჩემი აზრით, დღეს ძალიან შევირცხვინეთ თავი ევროპელებთან. არ ვიცი, რას იტყვიან ორი დღის შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად, არავინ არ ვართ აქ სამარადჟამოდ მოსული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.