ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციაზე მომზადებული ცვლილებები არის ამაო წყლის ნაყვა, ვენეციის კომისიამ სამართლებრივად ანალოგიური თქვა
ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციაზე მომზადებული ცვლილებები არის ამაო წყლის ნაყვა, ვენეციის კომისიამ სამართლებრივად ანალოგიური თქვა

დეოლიგარქიზაციაზე მომზადებული ცვლილებები არის ამაო წყლის ნაყვა. ვენეციის კომისიამ სამართლებრივად ანალოგიური თქვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, ქვეყანაში გამართული ინსტიტუციები არსებობდეს.

„თუ გვინდა, რომ საქართველო არ იმართებოდეს გაუკუღმართებულად, როგორც ახლა იმართება ერთი ადამიანის მიერ და გვინდა, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა არ მართავდეს ამ ქვეყანას გაუკუღმართებულად, გვჭირდება გამართული ინსტიტუციები, სადაც მთავრობა მთავრობას ემსგავსება, სასამართლო – სასამართლოს, პარლამენტი – პარლამენტს. ვენეციის კომისიამ ზუსტად ეს გვითხრა. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ თავისუფალი სასამართლო და გამჭვირვალე პროკურატურა თუ  გვეყოლება, ვერანაირი ოლიგარქია ვერ იქნება. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ არავინ ტყუვდება „ქართული ოცნების“ მოგონილი იაფფასიანი ტყუილებით, ვითომ ამ კანონს ასე მივიღებთ და თურმე სასამართლოში „ვინდოუსებს“ რომ გადააყენებენ, ეს იქნება სასამართლოს თავისუფლებისკენ ნაბიჯი. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. დეოლიგარქიზაციაზე გვითხრეს, რომ ეს რეპრესიებს შეუწყობს ხელს, არ მოაგვარებს იმ პრობლემას, რისთვისაც იქმნება. ის, რომ ქვეყანა ოლიგარქიულად, გაუკუღმართებულად იმართება, ეს კანონი ამას ვერ მოაგვარებსო და ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კრიტიკული აზრი ჩაახშოს და რეპრესიებისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.