ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს, არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება
ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს, არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს, არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი.

„ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ პლებისციტი არ გინდათ და მარტო რიგგარეშეო. სინამდვილეში, გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვარ, არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს სააკაშვილს და არც პლებისციტი. მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება. ისევე, როგორც შარშან იძახდა, პროპორციული არჩევნები სისულელეაო, რადგან მთელი ქვეყანა პროპორციულისთვის ვიბრძოდით. ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილს ერთადერთი რამ უტრიალებს თავში, რევოლუცია და ისეთივე ძალაუფლების დაბრუნება, როგორიც ჰქონდა. ძალაუფლების დაბრუნება, რათა არა ქვეყანა წავიდეს წინ, არამედ ამ ქვეყანაში რევანში მოაწყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილისგან განსხვავებით ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში.

„მე პირადად ორ შეხვედრას ვესწრებოდი. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსთან, შარლ მიშელთან და ყველა დეტალში, ყველა ნიუანსში ეს ადამიანი ძალიან ღრმად ჩახედული იყო. ძალიან კარგად ესმოდა, რა ხდება საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში.

სააკაშვილს სინამდვილეში რადიკალიზმი და სიტუაციის დაძაბვა უნდა და არა ის, რომ დამშვიდდეს და ორმხრივი კომპრომისები იყოს, მოლაპარაკება დასრულდეს რეალური შედეგით და კრიზისი განიმუხტოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.