ალეკო ელისაშვილი - ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია, ახლა მაიკ პომპეოს თანაშემწესაც გავაცნობთ
ალეკო ელისაშვილი - ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია, ახლა მაიკ პომპეოს თანაშემწესაც გავაცნობთ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებ აპირებენ საუბარს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არის შექმნილი.

„აშშ-ის საელჩოდან დაგვიკავშირდნენ დილით, პირადად მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 16:00 საათზე იყო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ჩანიშნული ბატონ რიკერთან. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა ვუთხრათ. საკითხი რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური კრიზისია, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ ორ კვირაზე მეტია და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას, არგუმენტებს და ვეტყვით, როგორ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, როგორც ელისაშვილი ამბობს, ოპოზიციის არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია და ახლა მაიკ პომპეოს თანაშემწესაც გააცნობენ.

„აი, ზუსტად ამაზე სალაპარაკოდ მოვედით. ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია, ახლა ბატონი პომპეოს თანაშემწესაც გავაცნობთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა, პარლამენტში შეხვიდეთ“, ელისაშვილმა განაცხადა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრული კომპრომისები იყო, თუმცა ჯერჯერობით ამისთვის მზაობაც არ არის.

„უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც ჯერ ჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ გონივრულ კომპრომისს, არამედ საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს, მზაობასაც კი ვერ ვხედავთ კომპრომისისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.