ალეკო ელისაშვილი - ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით, ამ შემზარავი განცხადების შემდეგ, მის გვერდით ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ, ვერ ვხვდები
ალეკო ელისაშვილი - ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით, ამ შემზარავი განცხადების შემდეგ, მის გვერდით ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ, ვერ ვხვდები

ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით, ამ შემზარავი განცხადების შემდეგ, მის გვერდით ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ ვერ ვხვდები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ელისაშვილის თქმით, შემზარავია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი იმ ადამიანთან ურთიერთობით ამაყობს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დახოცა და ტერიტორიები მიიტაცა.

მისივე თქმით, ბურჯანაძის გვერდით ოპოზიციის წარმომადგენლები თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ.

„ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით. ეს შემზარავია. ამ განცხადების შემდეგ როგორ დგებიან მის გვერდით და ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ, ვერ ვხვდები. როგორ შეიძლება, პუტინთან, იმ ადამიანთან ურთიერთობით ამაყობდე, ვინც ხალხი დაგვიხოცა, ჯარისკაცები იქნებიან თუ მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართული სოფლები მიწასთან გაასწორა, ტერიტორიები წაგვართვა, დღემდე აბუჩად გვიგდებს. შუაგულ ქართლში ჩვენს ხალხს ვინ იტაცებს? ამ კაცთან ურთიერთობით და ხელის ჩამორთმევით რომ ამაყობ, ქართველი პოლიტიკოსი გქვია და ოპოზიციურ მარაქაში ხარ გარეული, ეს არის შემზარავი ამბავი. ამ განცხადების შემდეგ ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს როგორც ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, ასევე იმ ოპოზიციონერების, ვინც გვერდით ხელჩაკიდებული დაჰყვება ხოლმე. მანამდე, ოპოზიციურ არხებზე ამბობდნენ, წარმატებას ვუსურვებ პროდასავლურ ოპოზიციასო, შემდეგ შეიცვალა და დემოკრატიულ ოპოზიციასო, ნინო ბურჯანაძე რომელში ეწერება ძალიან მაინტერესებს. საქართველოს მტერთან, დამანგრეველთან მეგობრობით რომ ამაყობს, იმ ადამიანზე რა უნდა ილაპარაკო?

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრები, რომელსაც თავად და ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდნენ, ყოველთვის მათი კონფლიქტით სრულდებოდა.

„დიდი დისკომფორტი მქონდა და არც ერთი შეხვედრა არ სრულდებოდა ჩვენი კონფლიქტის გარეშე“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.