ალეკო ელისაშვილი - არის საკითხები, რომლებსაც არ უნდა შეეხო, მაგრამ სააკაშვილს ხომ არ აქვს ასეთი წმინდა თემები, ოღონდ თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს
ალეკო ელისაშვილი - არის საკითხები, რომლებსაც არ უნდა შეეხო, მაგრამ სააკაშვილს ხომ არ აქვს ასეთი წმინდა თემები, ოღონდ თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჯარის მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მავნებლობას უწოდებს.

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური ზრახვით არ უნდა შეეხო. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, სწორედ ასეთი წმინდა საკითხია შეიარაღებული ძალები.

„ეს მავნებლობაა. არის საკითხები, რომლებიც წმინდა საკითხებია, რომელსაც არ უნდა შეეხო არანაირი პოლიტიკური ზრახვითა და პოლიტიკური სურვილით. ჩემთვის და ზოგადად, სახელმწიფოსთვის ასეთი წმინდა საკითხია თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალები. არასდროს არავინ არ უნდა ცდილობდეს, პოლიტიკური გავლენები მოახდინოს ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კონსტიტუციაშიც წერია, პოლიტიკის მიღმა მყოფი სტრუქტურაა. ზოგადადაც, განცდითაც ეს არის საერთო ეროვნული სიამაყე და პოლიტიკურადაც ეს არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო. სააკაშვილს ხომ ასეთი თემები არ აქვს, წმინდა, საამაყო, ოღონდ მან თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, ეს ამის დასტურია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.

„საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.