ალეკო ელისაშვილი - არჩილ თალაკვაძის მიერ ამაყად ჩაკითხული მემორანდუმი ბოიკოტის დამსახურებაა, ამის თქმის საშუალება არ მომეცა, მინდოდა, ელჩებს გაეგოთ, რომ ოპოზიციის წვლილის წყალში ჩაყრა არ შეიძლება
ალეკო ელისაშვილი - არჩილ თალაკვაძის მიერ ამაყად ჩაკითხული მემორანდუმი ბოიკოტის დამსახურებაა, ამის თქმის საშუალება არ მომეცა, მინდოდა, ელჩებს გაეგოთ, რომ ოპოზიციის წვლილის წყალში ჩაყრა არ შეიძლება

არჩილ თალაკვაძის მიერ ამაყად ჩაკითხული მემორანდუმი სწორედ ბოიკოტის დამსახურებაა, თუმცა ამის თქმის საშუალება არ მომეცა, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშილის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, სწორედ ოპოზიციის ბოიკოტის შედეგია.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება თუ სურდა, ამის გაკეთება ცხრა წლის განმავლობაში შეეძლო.

„ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა არ მომცეს. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები იმაში, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი არც თავიდან და არც ახლაო. მინდოდა, ამაზე მეპასუხა, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა. თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა მემორანდუმის პუნქტები – არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, შტრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს – ეს ზუსტად ბოიკოტის დამსახურებაა. „ქართულ ოცნებას“ ამის გაკეთება თუ უნდოდა, ხელს ვინ უშლიდა? 31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა. თუ ამას აპირებდნენ, რას ემსახურებოდა, ოთხი რაუნდი? ვისურვებდი, რომ თალაკვაძე ოპოზიციის მიმართ უფრო კორექტული ყოფილიყო.

ჩემთვის მიუღებელი იყო ის, თითქოს „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ძალაა, ერთ დღეს გაიღვიძა და კარგი საარჩევნო სისტემის შემოღება გადაწყვიტა. რა პუნქტებიც ჩამოთვალა, ბოიკოტის დამსახურება იყო, თორე აქამდე ცხრა წელია, ხელისუფლებაში არიან და ამის გაკეთებას რა უშლიდა ხელს? მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა და ეს ყველაფერი ელჩების გასაგონად მეთქვა, რადგან თუ ვინმემ იცის, რისი შედეგია ის პუნქტები, რაზეც ასე ამაყად ლაპარაკობს თალაკვაძე, ელჩებთან ერთად შემუშავდა. მინდოდა, ელჩებს გაეგოთ, რომ ოპოზიციის წვლილის წყალში ჩაყრა არ შეიძლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.