ალეკო ელისაშვილი - არასერიოზულია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მარტო რიგგარეშე არჩევნები გვაინტერესებს, ისევ თამარ ჟვანიამ რომ ჩაატაროს, შემდეგ სად მიდიან
ალეკო ელისაშვილი - არასერიოზულია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მარტო რიგგარეშე არჩევნები გვაინტერესებს, ისევ თამარ ჟვანიამ რომ ჩაატაროს, შემდეგ სად მიდიან

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ ფასზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, პოლიტიკური ფასი არის ის ოთხი საკითხი, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, რიგგარეშე არჩევნების მთავარ საკითხად დაყენება არასერიოზულია. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მათი პარტიისთვის მთავარი საკითხი საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებაა.

„ჩვენთვის პოლიტიკური ფასი არის ის ოთხი საკითხი, რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და რომელიც ასე უსასრულოდ გაჭიანურდა. თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში, შეთანხმებას ხელს თუ არ მოვაწერთ, არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ არ ვაყენებთ რიგგარეშე არჩევნებს მთავარ საკითხად, ჩვენ შემთხვევაში, მთავარი საკითხი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რადგან ძალიან არასერიოზულია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ გვაინტერესებს მარტო რიგგარეშე არჩევნები და მორჩა. ისევ თამარ ჟვანიამ რომ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, შემდეგ სად მიდიან ერთი, მაგრად მაინტერესებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის პერსპექტივისთვის არის მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლა, თორემ თამარ ჟვანიათი და იმ წესებით ორ კვირაში ერთხელ რომ ვატაროთ არჩევნები, ყოველ ჯერზე უფრო მეტს მიიღებს „ქართული ოცნება“. ეს არის სისულელე, ამას რატო ვერ ხვდებიან, მაგრამ ხვდებიან და შეგნებულად აკეთებენ, რომ ააამღვრიონ სიტუაცია და ზოგ-ზოგიერთმა აურიოს ყველაფერი, რათა მღვრიე წყალში რაღაც თევზი დაიჭიროს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე: „ვის ეკუთვნის ინიციატვია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ეხება“, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათი თავსატეხი ახლა სწორედ ის არის, რომ გაარკვიონ, ვის ეკუთვნის დასახელებული ინიციატივა.

„არ ვიცით, ჩვენი თავსატეხი ახლა ეს არის, რომ დავდივართ და ვარკვევთ ვისი წინადადებაა, ელჩების, „ქართული ოცნების“, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის, რადგან ჩვენ ეს წინადადება ძალიან მოგვწონს. კონკრეტულად საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს გადამწყვეტი რიგგარეშე არჩევნების საკითხისა, ანუ თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს 48 პროცენტზე ნაკლებს, მაშინ უნდა დაინიშნოს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები, საპარლამენტო, ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. პრინციპში, პლებისციტი არის, ოღონდ არ ჰქვია პირდაპირ პლებისციტი, თუ ეს „ქართული ოცნების“ წინადადებაა და „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა საქმე, რადგან ვერ წარმომიდგენია ამის საწინააღმდეგო რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რა უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ვერ გავიგეთ ახლა ვისი აზრია, ტყუილად ვიმტვრევთ თავებს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის აზრია, თუ „ოცნების“ ან ელჩების, ჯერჯერობით ვერ გავარკვიე. ნეტა, ჩვენი წინადადება ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვჯუჯღუნებთ მე და ლევანი, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქროთო, რადგან ეს არის რეალური გამოსავალი, რეალური გზა კრიზისის განმუხტვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თავად ელჩების თხოვნით, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე პარტიასთან ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ბოლო ორი რაუნდის შემდეგ მას კობახიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც ამისი საჭიროებაა, რადგან პარტიას თავისი პოზიცია ღიად და მკაფიოდ აქვს გაცხადებული.

„მქონდა კომუნიკაცია თალაკვაძესთან და ირაკლი კობახიძესთან იმ რაუნდების დროს, უფრო სწორად, კობახიძე ბოლო ორ რაუნდს დაესწრო. ამის იქით კომუნიკაციას საჭიროდ არ ვთვლით, რადგან ღიად გვაქვს ჩვენი პოზიცია გაცხადებული. ალბათ კომუნიკაცია აქვს იმ პარტიებთან, რომლებიც ერთს ამბობენ, მეორეს გულისხმობენ და ვერ ჩამოყალიბდნენ. ალბათ მათი გადარწმუნება სჭირდებათ, თორემ ჩვენ ღიად გვაქვს ნათქვამი რაც გვინდა და დამატებითი კომუნიკაცია რა საჭიროა. ბოკერიას პარტიის გარდა, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ბოკერიას პარტიასთან უბრალოდ არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს იმ კრიზისიდან გამოსავალზე, ვინ როგორ ფიქრობს, რანაირად ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია ეს ყველაფერი და ა.შ.

შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ, არც სააკაშვილის დირექტივას დაველოდებით, არც ბიძინა ივანიშვილს ვკითხავთ, მით უმეტეს არც უგულავას და ბოკერიას, ჩვენ თვითონ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, არც ერთი გადაწყვეტილების მიღების არ გვეშინია, რაც იქნება ამ ქვეყნისთვის საჭირო, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ თავად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და არ დავუწყებთ ყურებას, აბა, ისინი რას იტყვიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.