ალეკო ელისაშვილი - არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, ჰგონიათ, ყველა ასე ცხოვრობს
ალეკო ელისაშვილი - არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, ჰგონიათ, ყველა ასე ცხოვრობს

შანტაჟის მსხვერპლი ვინც არის, თავის თავს მოკითხოს. მე არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ელისაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეები“ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, მუდამ გარიგებებში მონაწილეობდნენ, მუდამ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ ამ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით – ეს არის ქვეყნისა და ხალხის სამსახური, და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.