ალეკო ელისაშვილი - არ ვიცი, ჩანაწერები ნამდვილია თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას
ალეკო ელისაშვილი - არ ვიცი, ჩანაწერები ნამდვილია თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას

დარწმუნებული ვარ, ჩვენი უშიშროების სამსახური აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა სააკაშვილის, შევარდნაძის დროს. დარწმუნებული ვარ, ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ იცის, ნამდვილია თუ არა ის, თუმცა ფიქრობს, რომ უშიშროების სამსახური დღესაც იგივე საქმიანობას ეწევა.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა სააკაშვილის, შევარდნაძის დროს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ამით არის დაკავებული, უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას. ახლა რატომ გამოვარდა ეს ჩანაწერები, რას ემსახურება, ვის მიერაა გავრცელებული, ნამდვილია თუ არა, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. არ ვიცი, არც კრიმინალისტი ვარ, არც სპეციალისტი, თუმცა განცდის დონეზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროება რა მეთოდებითაც საქმიანობდა, იმ მეთოდებით საქმიანობს. როგორც სააკაშვილის დროს უსმენდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ახლა „ქართული ოცნების“ დროს უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და დანარჩენ ყველას. მაგრამ ეს ჩანაწერები ნამდვილია, არ არის ნამდვილი, არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ და შინაარსი, რაზეც ლაპარაკია, ეს ასე იყო თუ არა, მარჩიელობა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.