ალეკო ელისაშვილი - არ მჯერა, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ, „ქართული ოცნებისა“ და სამი მეამბოხე დეპუტატის ქცევა გვაჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, ფაქტია, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული
ალეკო ელისაშვილი - არ მჯერა, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ, „ქართული ოცნებისა“ და სამი მეამბოხე დეპუტატის ქცევა გვაჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, ფაქტია, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული

არ მჯერა იმის, რაც საჯაროდ გვითხრეს, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ. შეიძლება, ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა ნაბიჯები იყოს, ფაქტია, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

ამასთან, ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა ისევ მათ დაანგრევს.

„არ მჯერა იმის, რაც საჯაროდ გვითხრეს, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ. როგორც ყოველთვის, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და უნდათ, ისე მოგვყიდონ ამბავი, თითქოს დიდ ხანია, სათქმელი აქვთ და ახლა ამბობენ. „ქართული ოცნებისა“ და სამი მეამბოხე დეპუტატის ქცევა გვაჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა ნაბიჯები იყოს, ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული.

20 ივნისს ქუჩაში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა დაანგრევს ისევ მათ, ეს არის ისეთი ბუმერანგი, რომელიც დაბრუნებისას კი არ ატკენთ, არამედ ყველაფერს წალეკს და მათ ასეთი თემებით თამაშს არ ვურჩევ. 20 ივნისს ხალხი რა იდეით იყო მისული? – იდეით ანთებული, აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იყო მისული და ეს იდეა არის დასავლური პერსპექტივა. ვინც ამას უშნოდ გაეთამაშება, პოლიტიკურ პენსიაში წავა ან ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, მაგრამ, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.