ალეკო ელისაშვილი - ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ოთხეულმა დაიწყო, ძალიან დამაზიანებელია, ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ილანძღონ
ალეკო ელისაშვილი - ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ოთხეულმა დაიწყო, ძალიან დამაზიანებელია, ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ილანძღონ

გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა და ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ოთხეულმა დაიწყო და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ, უფრო მრავალხმიანად ილანძღონ, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ისინი ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებენ.

„ჩაფიქრებული რა აქვთ, არ ვიცი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ცეცხლს რომ ბენზინს და ნავთს ამატებს, ამას ვხედავ. გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა და ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ამ ოთხეულმა დაიწყო და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია. ვერაფრით ვხვდები, ცეცხლში მეტ ნავთს რატომ ასხამენ. ეს ძალიან საშიში თამაშია. როცა ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევი, მეორე მხარეს უნდა ასიამოვნო. ამ შემთხვევაში, ეს მეორე მხარე არის რუსეთი, რომელიც თვალწინ გვეფშვნება და კისრის ტეხით საქართველოში გამორბის. ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები. სინამდვილეში, ისინი ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებენ. ახლა უფრო მეტნი დააზიანებენ. თუ 30 წლის განმავლობაში გადავრჩით, კიდევ საქართველო გვქვია და არა როსტოვის ოლქის რომელიღაც გუბერნია, ეს პირველ რიგში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დამსახურებაა. როცა რუსული ტანკები თბილისს მოუახლოვნენ, ჩვენ ვერ გავაჩერეთ, უცხოელებმა გააჩერეს. ეს ოთხეული უმედურ და მავნებელ კამპანიას ეწეოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.