ალეკო ელისაშვილი - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა
ალეკო ელისაშვილი - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ვისაც არ ეზარება, შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს“.

„ამჯერად, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომელმაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი უგულვებელყო, იჩქარა და ეს საკითხი პარლამენტში გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და ცუდი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკური სიხარბის გამო, საქართველო დაისჯება. სანქციების დაწესება იქნება არა კონკრეტულ პარტიაზე დაწესება, არამედ ქვეყნის მიმართ დაწესება, რაც დარტყმა იქნება. თუ „ქართული ოცნება“ არაფერზე ყურს არ შეიბერტყავს, რა თქმა უნდა, უკვე იგრძნობა, რომ სანქციებთან ძალიან ახლოს ვართ. სანქცირებული ქვეყანა კატასტროფაა. ქვეყანას, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ის ბელარუსიის კატეგორიაში გადის და ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე არაფერი გვეშველება. რეალური სასამართლო რეფორმა უნდა დაიწყოს, ამას ვისურვებდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისეთია, რომ გგონია, კრიზისი დასრულდა და რაღაც შედეგამდე გავედით, ამ დროს თავში უროს ჩაირტყამს და ყველაფერი თავიდან იწყება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.