ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევის მიმართ დევნის ბრალდებით არის დაკავებული, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევის მიმართ დევნის ბრალდებით არის დაკავებული, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.

უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.