ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მიზანი აბსურდული და გაუგებარია, აქციაზე რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან, პატიმარი ციხიდან გამოვა?
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მიზანი აბსურდული და გაუგებარია, აქციაზე რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან, პატიმარი ციხიდან გამოვა?

ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილი აქციის მიზანი აბსურდული და გაუგებარია.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, უხერხულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე მართავს.

„რომ შეიკრიბებიან, ციხე თუ საავადმყოფო გაიხსნება, სააკაშვილს გამოუშვებენ, თუ რა? ისე წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან, პატიმარი ციხიდან გამოვა? ეს ხომ სრული სიგიჟეა? – ორივე მხრიდან ამ ქვეყნის უბედურებაა ბელადომანია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის მორჩილებაშია, მაგრამ თვითონ იგივეს არ გამოხატავენ? – დაბადების დღეზე რომ მიდიხარ და აქციაში იღებ მონაწილეობას, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბელადომანია არ არის? – თავის თავში ეს ბელადომანია უნდა ჩაკლან. მოდით ჩემს დაბადების დღეზეო, – სააკაშვილს მაინც არ ეხამუშება, რომ მიდიან და მის დაბადების დღეზე აქციას მართავენ? მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი და ხალხს მოვუწოდებდი, სხვა დღეს შეიკრიბე-მეთქი, მაგრამ ბელადომანია თვითონაც სიამოვნებს და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის მორჩილები არიან. სხვას რანაირად საყვედურობენ, ივანიშვილის ყმები ხართო? – საბჭოთა დროს, სტალინისა და ბრეჟნევის ფოტოებით რომ დადიოდნენ, იგივეა ახლაც. ამ ხალხს რატომ აქვს პრეტენზია, რომ ევროპულ ქვეყანას ააშენებენ?“ – განაცხადა ელისაშვილმა.