ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლები კვირას გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლები კვირას გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას

„გირჩის“ და „მოქალაქეების“ ლიდერები კვირას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა „ლელოსთან“ და შემდეგ დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან იმ წინადადებების გასაცნობად, რაზეც დღეს მათ „გირჩის“ ოფისში იმსჯელეს.

„ჩვენ ორ პარტიას კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ძალიან ახლო პოზიციები გვაქვს და საერთო მოქმედების გეგმაზე შევჯერდით. შევჯერდით იმაზე, რომ წავალთ, დაველაპარაკებით ჩვენ და „გირჩის“ ლიდერები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ყველას, ვინც ბარიერი გადალახა და უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა გიორგი ვაშაძესთან, როდესაც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, შემდეგ „ლელოსთან“, შემდეგ სხვებთანაც.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ყველა ახლა ეძებს, თავისი სიტყვის და რიტორიკის ტყვეობიდან როგორ გამოვიდეს. ნებისმიერს დავეხმარებით თავისი რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში, ამას დაცინვის გარეშე, გულწრფელად ვამბობ. ქვეყანა არის კრიზისში, უმძიმეს მდგომარეობაში და ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ, სხვებს მოვუსმინოთ, სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური წინადადება“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.