ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის გამარჯვება კრიშტიანო რონალდოსთვის დამატებითი მოტივაციაა.
ალეგრიმ სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა. მან „ინტერთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე და ზოგადად სამომავლო გეგმებზე გაუზიარა აზრი ჟურნალისტებს.
„კრიშტიანო რონალდომ ოქროს ბურთი დაიმსახურა იმის გამო, რაც „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. თუმცა, მოდრიჩის გამარჯვება დამატებიტი სტიმულია, რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს და მომდევნო წელს ოქროს ბურთი კიდევ ერთხელ მოიგოს. კრიშტიანო მაგალითია ყველა სპორტსმენისთვის. ის საოცარი მოთამაშეა, თავმდაბალი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდს საუცხოოდ შეეწყო და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. ის მაგალითია ახალგაზრდებისთვის. „ინტერთან“ უნდა გავაგრძელოთ დადებითი შედეგების ჩვენება, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. მათ კარგი პერიოდი უდგათ, რომში შესანიშნავი თამაში ჩაატარეს. სპალეტი ძალიან კარგი მწვრთნელია და ამას ყველა ვხედავთ. ახლა დეკემბერია და ჯერ ყველაფერი წინაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მარტს კარგ ფორმაში შევხვდეთ, რომ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ალეგრიმ.