ალჟირის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ალჟირი მეზობელი ნიგერის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად სამხედრო დანაყოფებს შეიყვანს
ალჟირი მეზობელი ნიგერის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად სამხედრო დანაყოფებს შეიყვანს. შესაბამის განკარგულებას ალჟირის პრეზიდენტმა, აბდელმაჯიდ ტებუნმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ალჟირის პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც ეროვნული არმიის ქვედანაყოფების ჩრდილოეთ ნიგერში, ლიბიის საზღვართან მდებარე მადამაში განლაგებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როდის გაგზავნიან ჯარებს ნიგერში და რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება განლაგებული.
გადაწყვეტილება ალჟირსა და ნიგერს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე მიიღეს. გასულ კვირას, ნიგერის თავდაცვის მინისტრის, სალიფუ მოდის ალჟირში ვიზიტისას ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერა ხელი.
ჯარების ნიგერში განლაგების მიზანი ალჟირული კომპანიების საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვა, ასევე ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლა და კონტრაბანდის აღკვეთაა.
მედიის ცნობით, ეს ალჟირის სახმელეთო ჯარების პირველი განლაგება იქნება საზღვარგარეთ 1973 წლის ოქტომბრის ომის შემდეგ, როდესაც ალჟირის არმია ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.