ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

23:11, 02.07.2026

ალბანეთის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ პოლიციელებსა და რამდენიმე დეპუტატს კვერცხებსა და ფქვილს ესროდნენ.

ალბანური მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი და ერთი მომიტინგე დაშავდა.

ტირანაში ყოველდღიური საპროტესტო აქციები, უკვე ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. დემონსტრანტები სანაპირო ზოლსა და დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილ სხვადასხვა სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ.

აქციები თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი ძვირადღირებული კურორტის პროექტის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

მსგავსი