ალბანეთში საპროტესტო აქციები, მეექვსე დღეა, გრძელდება, შეტაკებების დროს პოლიციელები და დემონსტრანტები დაშავდნენ [ვიდეო]
ალბანეთში საპროტესტო აქციები, მეექვსე დღეა, მიმდინარეობს. როგორც მედია იუწყება, დღეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა.
განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა ათასობით ადამიანმა პოლიციელებს ქვები დაუშინა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
შეტაკებების შედეგად ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენის ბრალდებით 388 ადამიანს წარუდგინეს ბრალი.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.