ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი მეტოქეები არიან ალბანეთის სოციალისტები, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეთაურობს და კონსერვატორების ალიანსი, რომელსაც ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი სალი ბერიშა ხელმძღვანელობს. ბერიშას კორუფციაში და მექრთამეობაში ადანაშაულებენ და აშშ-ს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.
ალბანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი ედი რამა ქვეყანას 2013 წლიდან მართავს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა 2030 წელს ალბანეთი ევროკავშირის წევრი გახდეს.
მისი მეტოქე სალი ბერიშა წარსულში იკავებდა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის თანამდებობას. კონსერვატორი პოლიტიკოსი ოპოზიციის ალიანსს მეთაურობს, რომლის მთავარი ლოზუნგია „დიდებული ალბანეთი“. ბერიშა ცდილობს, 12-წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
წინასაარჩევნოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ლიდერი სოციალისტური პარტიაა, რომელსაც მხარს ამომრჩეველთა 49%-ი უჭერს, კონსერვატორებს კი ელექტორატის 35%-ი ემხრობა.
არჩევნებში პირველად დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას 245,9 ათასი უცხოეთში მყოფი ამომრჩეველი.
ალბანეთის პარლამენტში 140 დეპუტატია, რომელთაც პროპორციული სისტემით ირჩევენ. ალბანეთი 2009 წლიდან არის ნატო-ს წევრი. 2022 წლიდან ალბანეთის ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.