ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები ალბანეთის დროშებით ხელში პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით „ალბანეთი არ იყიდება“, „რამა, გადადექი!“.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიციურ პარტიები კორუფციაში არიან ჩართული და საზოგადოებრივ ინტერესებს ვერ იცავენ.

თავდაპირველად აქციები ჯარედ კუშნერისა და ივანკა ტრამპის კუნძულის პროექტის წინააღმდეგ იმართებოდა, რაც მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. პროექტი ეხება 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

გარემოს დამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეული ჰექტარი ხელუხლებელი სანაპირო ზოლი დაზარალდება.