ალბანეთში, მესამე დღეა, სტუდენტები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო ქვეყნის პრემიერის გადადგომას ითხოვენ, პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

16:00, 15.10.2026

ალბანეთში, მესამე დღეა, სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „როიტერის“ ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა ტირანაში შენობების ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის გამოც პარლამენტმა სხდომა გააუქმა.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტის მიზეზებია უმაღლესი განათლების გაზრდილი ხარჯები, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობა.

სტუდენტები ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.

რამას განცხადებით, მისი მოვალეობაა, გაითვალისწინოს მოქალაქეების სამართლიანი პრეტენზიები და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნოს. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება იმ ამომრჩევლების ნდობის ღალატი იქნებოდა, რომლებმაც მას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მანდატი მიანიჭეს.

„რაც შეეხება ჩემი გადადგომის მოთხოვნებს, მთავრობები დემოკრატიული არჩევნების და არა რევოლუციის გზით იცვლება. არჩევნები კი გასულ წელს ჩავატარეთ“, – განაცხადა რამამ „როიტერისთვის“ წერილობით გაგზავნილ პასუხში.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, სტუდენტებთან განათლების ხარჯების ზრდის საკითხი განიხილოს, თუმცა, მისივე თქმით, ინსტიტუტებზე თავდასხმას, სახელმწიფო ქონების განადგურებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას სტუდენტების სამართლიან მოთხოვნებთან საერთო არაფერი აქვს.

მსგავსი