ალბანეთში, განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, ექვსი სამართალდამცველი კი დაშავდა.
სტუდენტების მიერ გამართული აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა სამინისტროს შენობას ქვები და კვერცხები ესროლეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობის გარე ღობე დააზიანა, შემდეგ კი სამინისტროს ეზოში შესასვლელი ჭიშკარი დაამტვრია. მათ ასევე ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დააზიანეს შენობის ფასადი. სამართალდამცველების ცნობითვე, მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტათ შენობაზე თავდასხმა, დემონსტრანტები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, თუნუქის ქილებს, ქვებსა და სხვა მყარ საგნებს ესროდნენ.
სტუდენტები პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებასა და სათანადო ფინანსურ დახმარებას მოითხოვდნენ.
ალბანეთის ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ფიზიკური დაზიანება ერთმა ჟურნალისტმა მიიღო, გადამღებ ჯგუფს კი ადგილზე მუშაობაში ხელი შეუშალეს.