ალბანეთში დემონსტრანტებმა სანაპირო პროექტის ტერიტორიაზე მავთულხლართები გაარღვიეს
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 200-მა მომიტინგემ ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირადღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონისა და მავთულხლართები მოგლიჯეს.
ამასთან, აქტივისტებმა მშენებლობის ადგილას ეროვნული დროშები ააფრიალეს და „რევოლუციას“ სკანდირებდნენ.
„პროტესტი არ შეწყდება ვიდრე სოფელ რჯოლის მაცხოვრებლებს კომპენსაციას არ გადაუხდიან. 200 ოჯახი ვართ, რომელთა მიწაც ჩამოართვეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, 56 წლის ზეკე ნიკოლე შულანიმ.
ცნობითვის, ალბანეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ორი კვირაა, გრძელდება. „ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული დემონსტრაციები, თავდაპირველად, გარემოს დაცვის მოთხოვნით მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. პროტესტი თანდათან პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზარდა და ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს.