ალბანეთში დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და კვამლის ყუმბარები ესროლეს
ალბანეთის დედაქალაქში შეკრებილმა ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და კვამლის ყუმბარები ესროლეს. აქციის მონაწილეები უკვე სამი თვეა, სისტემატურად იკრიბებიან და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ტირანაში მთავრობის სახლთან და პოლიციის შენობასთან მოხდა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას კორუფციაში და ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ალბანეთში აშშ-ის საელჩომ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, დაგმონ მათი მხარდამჭერების მიერ ძალის გამოყენება. აშშ და ევროკავშირი ალბანეთის მთავრობას ლეგიტიმურს უწოდებენ და ოპოზიციის წევრებს მოუწოდებენ, დაბრუნდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღონ 30 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში.