მედიის ცნობით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი გააკრიტიკა და მათ „სულელები“ უწოდა
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ქვეყანაში მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი გააკრიტიკა და მათ სულელები უწოდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ედი რამამ „ფლამინგოს რევოლუცია“ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ტირანაში ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.
რამამ განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედებები, მათ შორის მოწოდებები მომღერლების კონცერტების ბოიკოტისკენ იმის გამო, რომ ისინი მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე საჯაროდ არ საუბრობენ.
პრემიერმა ასევე გააკრიტიკა „ონლაინ ძალადობა“ და მუქარები იმ ადამიანთა მიმართ, რომლებსაც აქციების შესახებ საჯარო პოზიციის დაფიქსირებას არ სურთ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, რამამ აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს „ჰაივანი“ უწოდა, რაც ალბანური ტერმინია, რომელიც „სულელს“ ნიშნავს.
ალბანეთში საპროტესტო აქციები უკვე მეთოთხმეტე დღეა, გრძელდება. შაბათს ტირანაში გამართულ ყველაზე დიდ აქციაზე, ორგანიზატორთა შეფასებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, „ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული დემონსტრაციები, გარემოს დაცვის მოთხოვნით, თავდაპირველად ჯარედ კუშნერისა და ივანკა ტრამპის კუნძულის პროექტის წინააღმდეგ იმართებოდა, რაც მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
პროექტი ეხება 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ი ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.