ალბანეთის პრემიერ-მინისტრი – მასობრივი საპროტესტო აქციები საფრთხეს უქმნის არა მთავრობას, არამედ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

15:38, 18.10.2026
Screenshot

Screenshot

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ უარყო საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

მისი თქმით, ქვეყანაში მზარდი საპროტესტო გამოსვლები საფრთხეს უქმნის არა მის მთავრობას, არამედ ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„გამოწვევის წინაშე არ ვდგავარ არც მე, არც მთავრობა, არც საპარლამენტო უმრავლესობა და არც არჩევნებში გამარჯვებული პარტია. გამოწვევის წინაშე დგას ჩვენ მიერ არჩეული გზა და მისია. ალბანელები ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ: ეს სურთ? ის სურთ? თუ ევროკავშირი გაწევრიანება სურთ?“ – განაცხადა რამამ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მთავრობა კორუფციას უპრეცედენტო მასშტაბით ებრძვის.

ედი რამამ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში უცხოური ძალები დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია, ვის გულისხმობდა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში მის ოფისზე დრონით თავდასხმაც სცადეს.

„ღმერთმა იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას. არ არსებობს ახალგაზრდა, სტუდენტი ან არასრულწლოვანი, რომელიც ასეთი გეგმის განხორციელებაზე იფიქრებდა. ეს უცხო ძალის ჩარევაა“, – განაცხადა რამამ.

ცნობისთვის, ალბანეთში, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. ალბანეთის პოლიციის უფროსი სკენდერ ჰიტა აცხადებს, რომ გუშინ საპროტესტო აქციებზე 167 ადამიანი დააკავეს, 388 ადამიანის წინააღმდეგ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

მსგავსი