„ალ-ნასრი“, შესაძლოა, გაიყიდოს – კლუბს 184 მილიონი ევროს ვალი აქვს, კრიშტიანო რონალდოს კი წილის შეძენა შეუძლია #1TVSPORT
საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ნასრი“, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, შესაძლოა, ახალ მფლობელებს გადაეცეს. Bloomberg-ისა და Semafor-ის ინფორმაციით, კლუბს დაახლოებით 184 მილიონი ევროს დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც მისი ამჟამინდელი მფლობელი, საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი (PIF), ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებასა და პოტენციური გაყიდვისთვის მომზადებას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი კლუბის დავალიანების დაფარვას ახალი სპონსორული ხელშეკრულებებისა და კომერციული პარტნიორობის საშუალებით გეგმავს. მიზანი „ალ-ნასრის“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და პოტენციური ინვესტორებისთვის მისი მიმზიდველობის გაზრდაა.
კლუბის შეძენით ამერიკული საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners-ი ინტერესდება, რომელიც იტალიურ „მილანსა“ და ფრანგულ „ტულუზას“ ფლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს. განიხილება „ალ-ნასრის“ აქციების 70 პროცენტის შეძენა, რაშიც ინვესტორებმა, შესაძლოა, დაახლოებით 267 მილიონი დოლარი გადაიხადონ.
განსაკუთრებით საინტერესოა კრიშტიანო რონალდოს შესაძლო მონაწილეობა გარიგებაში. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ვარსკვლავის კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რომელიც კლუბში კერძო ინვესტორების შესვლის შემთხვევაში მას აქციების 20 პროცენტის შეძენის უპირატეს უფლებას ანიჭებს. შესაბამისად, რონალდო, შესაძლოა, „ალ-ნასრის“ ერთ-ერთი თანამფლობელი გახდეს.
ამ ეტაპზე მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და გარიგების განხორციელება გარანტირებული არ არის. RedBird Capital Partners-მა და საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
აღსანიშნავია, რომ „ალ-ნასრის“ შესაძლო გაყიდვა საუდის არაბეთში საფეხბურთო კლუბების პრივატიზაციის უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანი კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი ფეხბურთის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაა.