„ალ ჯაზირა“ – კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთში პირველი მაღალი რანგის ვიზიტით იმყოფებოდა
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულრაჰმან ალ-ტანი პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
აბდულრაჰმან ალ-ტანი ვიზიტისას შეხვდა „თალიბანის“ ლიდერს, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელს, მოჰამედ ჰასან ახუნდის და სხვა ოფიციალურ პირებს.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის ავღანეთში ჩასვლა, ქვეყნიდან სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტია.
მხარეებმა ავღანეთში არსებული პოლიტიკური ვითარება და კატარის მიერ ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
გარდა „თალიბანის“ ოფიციალური პირებისა, ალ-ტანიმ შეხვედრები გამართა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტთან ჰამიდ ყარზაისთან და ეროვნული შერიგების საბჭოს ხელმძღვანელთან აბდულა აბდულასთანაც. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს ეროვნული შერიგების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
როგორც მედიასაშუალება წერს, კატარი ერთ-ერთ ისეთ ქვეყანად ითვლება, რომელსაც „თალიბანზე“ გავლენის მოხდენა შეუძლია. საევაკუაციო პროცესის პერიოდში, კატარმა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულა ავღანეთიდან სამოკავშირეო ძალებისა და ავღანელი მოქალაქეების გაყვანისას.
„თალიბანის“ ახლად ჩამოყალიბებული მთავრობა ჯერ არც ერთ ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია.