აკვაკულტურის თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 3 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება
აკვაკულტურის თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 3 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება

საქართველოს პარლამენტი აკვაკულტურის თაობაზე კანონის მიღებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ინიცირება 3 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მომზადება განპირობებულია ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით. ინიციატორები პროგნოზირებენ, რომ ეს სექტორი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, რეგიონულ განვითარებას და მომიჯნავე ეკონომიკური დარგების – თევზის საკონსერვო მრეწველობის, თევზის ფქვილისა და ზეთის წარმოების, ასევე თევზის საკვების მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების, მათ შორის მარცვლოვნებისა და პარკოსნების წარმოების განვითარებას.

„2015 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ, პირველად ისტორიაში, საკვებად მოიხმარა ბუნებრივ წყლებში ტრადიციული თევზჭერის შედეგად მოპოვებულზე უფრო მეტი აკვაკულტურიდან მიღებული თევზეული. დღეისთვის, მსოფლიო აკვაკულტურის წლიურმა პროდუქციამ 180 მილიონ ტონას მიაღწია, რამაც თევზისა და თევზეულის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 53% -ს შეადგენს. ეს ტენდენცია იზრდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი არ არის სათანადოდ
გამოყენებული, რადგან 2019 წელს საქსტატის მიერ განხორციელებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აკვაკულტურის წლიური საერთო პროდუქცია 2381 ტონას შეადგენს, რაც არსებულ პოტენციურ შესაძლებლობებთან (დაახლოებით 30000 ტონა) შედარებით, ძალიან მცირეა.

„ქვეყნის ტერიტორიის რელიეფური და კლიმატური თავისებურებები, უხვი ატმოსფერული ნალექები და მიწისქვეშა წყლები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში ზედაპირული ჰიდრორესურსების უხვწყლიან და ხშირ ქსელს განაპირობებს, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის აკვაკულტურის განვითარებისათვის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო აკვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის) პროდუქციით მნიშვნელოვნად მცირეა ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც წყლის რესურსები საქართველოს ძირითად ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს. ტერიტორიით უფრო მცირე და აკვაკულტურის განვითარების ბევრად ნაკლები პირობების მქონე ქვეყნებშიც კი, ამ სექტორის პროდუქცია რამდენჯერმე მეტია საქართველოს პროდუქციაზე, მაგალითად, მოლდოვის აკვაკულტურის პროდუქცია საქართველოზე დაახლოებით ოთხჯერ, ხორვატიის ხუთჯერ, კვიპროსისა და მალტის დაახლოებით ორჯერ”, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოხია და დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.