აკვაკულტურის სანებართვო მოსაკრებელი 2024 წლიდან დადგინდება
აკვაკულტურის სანებართვო მოსაკრებელი 2024 წლიდან დადგინდება

აკვაკულტურის სანებართვო მოსაკრებელი 2024 წლიდან დადგინდება, რომელიც 200 ლარს შეადგენს.

აღნიშნული განსაზღვრულია „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტით, რომლის ინიცირება 3 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღეისთვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი იურიდიული პირი ახორციელებს აკვაკულტურის სფეროში საქმიანობას, თუმცა სხვადასხვა გათვლებით მათი ოდენობა 1280 ერთეულს შეადგენს, ხოლო აქედან მეტ-ნაკლები დატვირთვით 730 მუშაობს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრულია მოსაკრებელის ოდენობა აკვაკულტურის წარმოების მიზნით წყლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის. კერძოდ, კანონპროექტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 0,8 ლარს შეადგენს, ხოლო საზღვაო წყლებში – 0,2 ლარს.

ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ექსტენსიური აკვაკულტურის და რეცირკულარული აკვაკულტურის სისტემების გამოყენებით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოხია და დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.