აკმამედ იმამკულიევი - პირველი მიზანია, რომ ჩვენი ბიუჯეტის ყოველი თეთრი მარნეულელებისთვის დაიხარჯოს
აკმამედ იმამკულიევი - პირველი მიზანია, რომ ჩვენი ბიუჯეტის ყოველი თეთრი მარნეულელებისთვის დაიხარჯოს

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დღეს ხელისუფლება საერთოდ არ გვყავს, – ამის შესახებ მარნეულის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“, აკმამედ იმამკულიევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

„ვთვლი, რომ დღეს, მუნიციპალიტეტს კი არა, საქართველოს არ ჰყავს პატრონი. სახელისუფლებო გუნდი არაფერს არ აკეთებს არც საქარველოსთვის, არც მარნეულისთვის“, – განაცხადა იმამკულიევმა.

მისი თქმით, მარნეულელ ახალგაზრდებს, სტუდენტებს და უნივერსიტეტ დამთავრებულებს პირველ რიგში, უმუშევრობა აწუხებთ.

„ვხედავთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ძირითადად, არამარნეულელები არიან დასაქმებულები. „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზაურ დარგალი ორი წლის განმავლობაში იყო გუბერნატორის მოადგილე, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია, რომ ერთ ახალგაზრდას მაინც დახმარებოდა და რომელიმე ახალგაზრდას მაინც მიეღო მარნეულის მუნიციპალიტეტში სტაჟირება. დღეს, ჩვენი ახალგაზრდები შეზღუდული არიან, რადგან მათ ეუბნებიან, რომ სახელმწიფო სამსახურში არ გადიან სტაჟირებას“, – განაცხადა იმამკულიევმა.

მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მარნეულის თითქმის, არც ერთ სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზი, სტადიონი და ა.შ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვლება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მისი გამარჯვების შემთხვევაში, აკმამედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მარნეულის მოსახლეობის წინაშე ის უკვე გამარჯვებულია. 

„2014 წელს, როცა ბრძოლა დავიწყე, მარნეულის გამგებლობის კანდიდატი ვიყავი. მაშინ ჩვენ ზუსტად ამისთვის ვიბრძოდით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩვენი ადგილობრივი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ კანდიდატები და მერები. ხელისუფლება დღეს იძულებული გახდა, ბატონი ზაურის კანდიდატურა დაესახელებინა. აქედან გამომდინარე, უკვე ვარ გამარჯვებული ჩვენი მოსახლეობისა და ახალგაზრდების წინაშე, რადგან ჩვენი ერთად ყოფნით ხელისუფლება იძულებული გახდა, კანდიდატად ერთ-ერთი ახალგაზრდა დაესახელებინა“, – განაცხადა იმამკულიევმა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, „მარნეულელებს პატრონი ეყოლებათ, რომ 30 მილიონი ლარი ვიღაცის აზრების მიხედვით არ დაიხარჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ცხრა მილიონი ლარის ათვისება ვერ მოხდეს, როგორც ეს 2018 წელს მოხდა.”

„ჩვენი ბიუჯეტის ყოველი თეთრი ჩვენი მარნეულელებისთვის დაიხარჯება. ეს არის ჩვენი პირველი მიზანი“, – განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.