ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში წვიმამ პრობლემები შექმნა
ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში წვიმამ პრობლემები შექმნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.

როგორც საქართველოს პირველი არხს ახმეტის გამგებელმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, სოფელში ათეულობით სახლის ეზოა დატბორილი, წყალი სახლების პირველ სართულებზეც შევიდა.

„ბაბანეურის გარდა, შესაძლოა, სხვა სოფლებსაც შეექმნას პრობლემა, რადგან მდინარე ალაზანი ძალიან ადიდებულია. სხვა სოფლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ველოდები“, – განაცხადა გამგებელმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ფშაველსა და რუისპირში, სადაც წვიმის შედეგად ხევები ადიდდა.