ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მოსახლეობის ნაწილს აგროსესხების დაფარვის გადავადებაზე სახელმწიფო უშუამდგომლებს
ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მოსახლეობის ნაწილს აგროსესხების დაფარვის გადავადებაზე სახელმწიფო უშუამდგომლებს

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი წყალმა წაიღო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 56-ე კმ-დან ხელოვნურმა ტბამ დაფარა და სხვადასხვა მონაკვეთზე მიწა არის ჩამოშლილი. ამის გამო, თუშეთისკენ გზის გახსნა გადავადდება.

გუბერნატორი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენით ვითარების გაცნობას აპირებს. მისი თქმით, ორშაბათიდან ვითარების დეტალური შესწავლის მიზნით კახეთში სპეციალიტებს ელოდებიან.

„კახეთის სტიქიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზეც გამახვილდა ყურადღება. როგორც კი საშუალება იქნება, მოხდება სრული შეფასება, რა სირთულის ამოცანებიც გვექნება გადასაწყვეტი, იმის მიხედვით გამოიყოფა რესურსები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც აგროსესხები ჰქონდა გამოტანილი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე სესხის გრაფიკის გადასავადებლად გაეწევა შუამდგომლობა.

სპეციალისტების შეფასებით, მდინარეებზე წყლის დონის დაწევამდე ტექნიკის შესვლა დაუშვებელია. გუბერნატორი ამბობს, რომ სტიქიის პრევენციის მიზნით გამოყოფილი ოთხი მილონი ლარი არ არის საკმარისი მასშტაბური სამუშაოების განსახორციელებელად.

„სტიქიის პრევენციისთვის თანხა, რომელიც ცენტრალურმა ბიუჯეტმა გამოყო, გავანაწილეთ მუნიციპალიტეტებზე, ეს გათვალისწინებული იყო მცირე სტიქიურ მოვლენებზე, მაგრამ ასეთ მაშტაბურ სტიქიურ უბედურების პრევენციას დიდი თანხები სჭირდება“, – აცხადებს გუბერნატორი.

სტიქიის ზონაში პრევენციის მიზნით პოლიციის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები რჩებიან, ისინი დილამდე განახორციელებენ მონიტორინგს.