ახმეტის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა, ტყეში ხანძარს ებრძვიან
ახმეტის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა, ტყეში ხანძარს ებრძვიან

ახმეტის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა, ტყეში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი სოფლების – ინგეთის, ქისტაურის, ახშნის ველებისა და ბაყილოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს, ხმელ ფოთლებსა და ბარდებს რამდენიმე ჰექტრაზე უკიდია.

ახმეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში მეხნაძრე-მაშველებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრინლები და მოხალისეები ეხმარებიან, თუმცა ძლიერი ქარი და რთული რელიეფი ხანძრის ქრობას აფერხებს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე რეგიონის ყველა მეხანძრე- მაშველია მობილიზებული. ცეცხლის ლოკალიზაციისთვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამსახური და სატყეო დეპარტამენტი ტყის ფართობზე ჯეროვან კონტროლს ვერ ახორციელებს და ტყის ხანძრები უკონტროლო ხდება.

„ორი დღეა, ხანძრის ქრობაში ვმონაწილეობ და მეხანძრეებს ვეხმარები. მეგობრებმა რამდენიმე კერა ვნახეთ, ეჭვი გვაქვს, რომ მწყემსები ხმელი ბალახის გადაწვის მიზნით, მწვანე ბალახი რომ ამოვიდეს, სპეციალურად აჩენენ ცეცხლს, რომელიც შემდეგ უმართავი ხდება და ფართო მასშტაბზე ვრცელდება. რეინჯერები მხოლოდ გზებზე არიან ჩასაფრებული, ჭიგო რომ ვინმე მოჭრას, სოლიდურ ჯარიმას უწერენ, მათ კონტროლირებად ტყის ფართობში კი ვინ შედის და რას აკეთებს, ამას რომ აკონტროლებდნენ და ხანძრის გამჩენი ერთხელ მაინც გამოავლინონ, იქნებ სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი გამხდარიყო“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მსგავსად ხანძარს თიანეთის მუნიციპალიტეტშიც ებრძვიან. თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ამ დროისათვის ხანძრის რვა ლოკაციიდან დარჩენილია ორი ხანძარი სოფელ ჩაბანოსა და ჟებოტაში, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან განახლდება.