ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი ხვალ დასრულდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი ხვალ დასრულდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი ხვალ დასრულდება.  როგორც პირველ არხს ახმეტის ღვინის ქარხნის აქციონერმა მამუკა სამსონიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ახმეტის ღვინის ქარხანამ სოფლების ქისტაურისა და ახშანის მოსახლეობისგან 870 ტონა ყურძენი უკვე ჩაიბარა.

„რთველი-2018″-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ახმეტის ორ სოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის მოკრეფა და დაბინავება ხვალ დასრულდება.

როგორც შტაბში ამბობენ, უამინდობის გამო, დედოფლისწყაროში რთველის დაწყების დრომ გადაიწია და მომავალ კვირას დაიწყება.

შტაბში უკვე დარეგისტრირდა 35 კომპანია. ფერმერებისგან წელს ყურძნის შესყიდვის მსურველი კომპანიების რიცხვის გაზრდას ელოდებიან.

რაც შეეხება ფასს, აღნიშნულთან დაკავშირებით რთველის საკოორდინაციო შტაბში მიანიშნებენ, რომ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი შარშანდელთან მიახლოებული იქნება, რაც რქაწითელზე 60-70 თეთრს და საფერავზე 1,50 ლარს შეადგენს.

თუმცა როგორც შტაბში განმარტავენ, ფასს ბაზარი არეგულირებს და მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკებით განისაზღვრება.

„ჩვენ ამ შემთხვევაში, მხოლოდ კოორდინაციას ვუწევთ და ხელს ვუწყობთ ფერმერსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიას ერთმანეთთან დაკავშირებაში“, – აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა.