ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და დასახლებასთან მისასვლელი გზა დაიტბორა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და დასახლებასთან მისასვლელი გზა დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა.

კასრისწყალის საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის განცხადებით, წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საჯარო სკოლის შენობის სარდაფსა და პირველ სართულზეც შევარდა. დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

„სკოლის შენობის პირველ სართულზე, თითქმის, ყველა ოთახი წყალში დგას. საიდან მოვიდა ამხელა ღვარცოფი არ ვიცი, ასეთი რამ აქ არ მახსოვს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის შესასვლელი გზა მთლიანად წყლითაა დაფარული.

„დილიდან კოკისპირულად წვიმდა, იმდენი წყალი დაგროვდა გზაზე, რომ სოფლიდან ვერც გასვლას ვახერხებთ და ვერც სოფელში შემოვა ტრანსპორტი. ელექტროენერგია გვაქვს, მაგრამ გათიშულია ინტერნეტი. სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან ელანიძემ.

ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რომელიც სოფელში ჩავა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.