ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში განახლებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში განახლებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

პროექტი „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მლნ ლარია. პროექტი კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე, სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

როგორც „მუნიცპალური განვითარების ფონდში“ აცხადებენ, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ პირებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ, ასევე მოეწყოს ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აღნიშნული აქტივობები კი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

განახლებული კომპლექსი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.