ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი აცხადებს, რომ თუშეთში ტურისტულ სეზონზე შეფერხება არ იქნება
ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი აცხადებს, რომ თუშეთში ტურისტულ სეზონზე შეფერხება არ იქნება

თუშეთში ტურისტულ სეზონზე შეფერხება არ იქნება, – ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფშაველი-აბანო- ომალოს საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

„ფშაველი-აბანო- ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე წელს შარშანდელისგან განსხვავებით უფრო დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე ალაზნის შეგუბება გამოიწვია და სამუშაოების მოცულობაც უფრო გაიზარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალისტების ჯგუფმა უკვე დაათვალიერა და ადგილზე შეისწავლა არსებული ვითარება.

მათი კონსულტაციების საფუძველზე, ხვალ როგორც ფშაველის, ასევ ომალოს მხრიდან აღნიშნულ დამეწყრილ და რთულ რელიეფზე დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებს ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, მეწყერის ორივე მხრიდან სამუშაოების წარმოების დაწყება მის დასრულებას დააჩქარებს.

აღსანიშნავია, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია ხოლმე, თუმცა მეწყრული პროცესების განვითარების გამო, მეორე წელია, გზა ერთი თვის დაგვიანებით იხსნება.

წელს თუშეთში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.